საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის წარმატებული იყო.
უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს - რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.
ბრიუსელში 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაც - თუმცა კრიზისის თემა არა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, არამედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას იყო წამყვანი.
რამდენიმე თვეში 8 წელი უნდა შესრულებულიყო, რაც საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა.