გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა
16 იანვარს გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა კენჭისყრით, რომლის შედეგები გასცდება საკუთრივ გერმანიას – ევროკავშირის უდიდეს წევრ ქვეყანას. ამ ფაქტს განიხილავენ ევროპის პოლიტიკაში ანგელა მერკელის შემდგომი ეპოქის ოფიციალურ დასაწყისად, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ლაშეტი თუ იქნება ის ფიგურა, რომელიც მერკელს კანცლერის თანამდებობაზე შეცვლის. მერკელი სექტემბრის ბოლოს აპირებს გადადგომას, ამ პოსტზე 16-წლიანი მუშაობის შემდეგ.
მყისიერი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ლაშეტი დგას, არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ის ორ მიმზიდველ კონსერვატორ აუტსაიდერს, რომლებიც შორიდან უმზერენ კანცლერის პოსტს, რა მოხდება რეგიონულ არჩევნებზე, COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური და საზოგადოებრივი შედეგები და, სავარაუდოდ, დიდი ძალისხმევის წამღები მოლაპარაკებები პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებთან, 26 სექტემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია იმის გაგება, თუ რატომ ვერ დაინახა ყრილობის 1001-მა დელეგატმა მნიშვნელოვანი განსხვავებები პარტიის ხელმძღვანელის პოსტისთვის მებრძოლ სამ კანდიდატს შორის. სამივე მათგანი 50 წელს გადაცილებული, კათოლიკე კაცია, სამივე ყველაზე მეტი მოსახლის მქონე ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწიდანაა, და სამივე უჭერს მხარს უფრო ძლიერ ევროკავშირს და უფრო მტკიცე ტრანსატლანტიკურ ერთობას.
მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო სტილში და ღირებულებებშიც – განსაკუთრებით ორ ლიდერს, ლაშეტს და ფრიდრიხ მერცს შორის.
ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში მერცი პარტიას ორიენტაციით უფრო მარჯვნივ დააბრუნებდა – მის კონსერვატიულ და ნეოლიბერალურ ფესვებთან. მკაფიო მესიჯებით მოლაპარაკე, 65 წლის მილიონერი ადვოკატი პოპულარული ფიგურაა პარტიის ბიზნეს-ფრთის წარმომადგენლებს შორის, თუმცა ის ნაკლებად მოსწონთ პარტიის წევრ ქალებს. ის, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნას შეეცდებოდა გერმანიის მცირე ლიბერალურ პარტიასთან, FDP-სთან, და დაიბრუნებდა ქრისტიან-დემოკრატებისგან გაუცხოვებული იმ ამომრჩევლის ნაწილს, რომელიც ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე Afd-სკენ გადაიხარა. თუმცა, მისი გამარჯვების შემთხვევაში გართულდებოდა შეთანხმების მიღწევა მწვანეებთან, რომლებსაც, ამჟამინდელი რეიტინგებით, 20-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.
მერცმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა კენჭისყრის პირველ ტურში, თუმცა ვერ შეძლო აუცილებელი, 50-პროცენტიანი ნიშნულის გადალახვა. მეორე ტურში მერცის მეტოქეს, ლაშეტს, მიემხრნენ დელეგატები, რომლებიც მანამდე მესამე კანდიდატს უჭერდნენ მხარს – საგარეო პოლიტიკის სპეციალისტს, ნორბერტ რიოტგენს. შესაბამისად, ლაშეტმა მცირე უპირატესობით, 521 ხმით გაიმარჯვა, მერცის 466 ხმის წინააღმდეგ. რაც ნიშნავს, რომ ახალი მიმართულების არჩევის ნაცვლად, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა კვლავ მერკელის კურსის გაგრძელება აირჩია – ამჯერად უკვე მერკელის გარეშე, მაგრამ მისი მოკავშირის, ლაშეტის სახით.
ვრცლად იხილეთ აქ