რეაბილიტაციის შედეგად ენგურჰესის გამომუშავების 100-120 მლნ კვტ-სთ-ით ზრდას ვარაუდობენ
20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების საკითხი განიხილა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ენგურჰესის სარეაბილიტაციო-სარემონტო პროექტში მონაწილეობენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე ჩატარებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება-რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.
სპეციალისტების განცხადებით, პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი.
სამინისტროს ცნობით, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შეეხო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების საკითხს.
ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მართვის პულტი კი დე ფაქტო რესპუბლიკის მხარესაა.