ხანძრის რვა კერა არის დარჩენილი საქართველოს ხუთ რეგიონში
6 იანვარს რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ, 7 იანვარს, დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში.
„ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა, საიდანაც 1 ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა, ტყესა და მინდვრებზე, მათგან 242 ლიკვიდირებულია", - აღნიშნავს სამსახური.
ხანძარმა ოკუპირებული გალის რაიონის ათამდე სოფელი დააზარალა
შიდა ქართლში - კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან.
რაჭა-ლეჩხუმში - ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
იმერეთში - ჩააქრეს ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.
ხანძრის ჩაქრობა სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
აჭარაში - ქედაში, სოფელი ბზუბზუში ხანძარი ჩააქრეს. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
სამეგრელოში - ხანძარი ჩააქრეს წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემსა და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია - ჯვარში, სოფელ მუჟავში,
წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.