აშშ-მა ლიბიის მოქალაქეს ბრალი წაუყენა 1988 წელს ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებისთვის
21 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრალდებაში ნახსენებია ეჭვმიტანილი აბუ აგილა მოჰამად მასუდი, რომელიც ამჟამად ლიბიაში იმყოფება პატიმრობაში. მას ბრალად ედება 1988 წელს კომპანია Pan Am-ის თვითმფრინავის აფეთქებაში, რასაც ემსხვერპლა 270 ადამიანი, მათ შორის 190 ამერიკელი.
აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს მასუდის აშშ-ში ექსტრადიციას, რათა იქ გაასამართლონ ის. აშშ-ის გენერალური პროკურორის, ბილ ბარის თქმით, „არის იმის ძალზე კარგი პერსპექტივა“, რომ ლიბიის მთავრობა მას აშშ-ს გადასცემს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მასუდი ლიბიის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო და ბომბების დამზადებაზე მუშაობდა. მის წინააღმდეგ ბრალდება ლოკერბის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავზე გამოცხადდა.