ქეთევან სტვილია: საქართველოში აივ ინფექცია შიდსის შემთხვევები მზარდია
საქართველოში აივ ინფექცია შიდსის შემთხვევები არის მზარდი. მართალია, არის ნელი და სტაბილური, მაგრამ ზრდა მაინც აღინიშნება, რაც ძალიან საყურადღებოა, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან სტვილიამ. მისი თქმით, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექცია შიდსის 8600-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან გარდაიცვალა 1781 პაციენტი, ამ დროისათვის მკურნალობის პროგრამაში ჩართულია 5379 ადამიანი. „დილის საუბრებში“ ქეთევან სტვილიამ ისაუბრა იმაზეც, რომ ბოლო წლებში დაავადების გავრცელების ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური ინფიცირებაა:
„წლების განმავლობაში, გახსოვთ ალბათ, რომ დაავადების გავრცელების ძირითადი გზა იყო ინტრავენური ნარკომანია, მაგრამ ბოლო წლებში ბოლო რამდენიმე წელია გამოიკვეთა, რომ ეს არის ჰეტეროსექსუალური ინფიცირების გზა. ანუ დაავადებამ უკვე გადაინაცვლა მოსახლეობის სხვა ფენებში. მათ შორის არის ჰომოსექსუალური გზაც, მაგრამ პროცენტულად შედარებით ნაკლებია. დღეისათვის ანალიზი რომ გაკეთდა, უშუალოდ 1 დეკემბრისთვის აღმოჩნდა, რომ თითქმის უკვე 50 პროცენტი დაინფიცირების მოდის ჰეტეროსექსუალურ გზაზე“, - განაცხადა ქეთევან სტვილიამ „დილის საუბრებში“.
1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. 1987 წლიდან მოყოლებული ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. შიდსის მსოფლიო დღის დევიზი წელს არის „საერთაშორისო სოლიდარობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა“.