მოლების მფლობელების თქმით, მთავრობასთან დახურვაზე არ შეთანხმებულან
6 სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ ბიზნესს სრული კოლაფსი ემუქრება. ამასთან, მათი თქმით, მოლების დახურვა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე 6 სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გარცელების ცხელი წერტილი.
"თბილისი ცენტრალის" წარმომადგენლის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, საცალო სავაჭრო სექტორი არის დასაქმების ერთ-ერთი წამყვანი სფერო საქართველოში, მხოლოდ 2019 წელს ამ სექტორის ბრუნვა იყო 10 მილიარდ ლარზე მეტი, წელს ეს ყველაფერი არის შემცირებული.
„გადარჩენის რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. არანაირი წინაპირობა, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და ხდებოდა სატრანსპორტო შეზღუდვა, არ არსებობდა. იყო საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
მისი განმარტებით, 6 სავაჭრო ცენტრისთვის, ყოველი „დაკეტილი დღე“ ნიშნავს 10 მილიონი ლარის ზარალს. ამ ცენტრებში დასაქმებულია 17 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.
ლევან ყარალაშვილის თქმით, მთავრობასთან კომუნიკაციის საფუძველზე მოლაპარაკებისას ნახსენები იყო სამუშაო საათების შემცირებისა და ასევე კვირაში რამდენიმე დღით დახურვის პირობა, მაგრამ ვითარება 24 საათში შეიცვალა და მოლები აღმოჩნდა „სრული ლოკდაუნის წინაშე“.
მოლების წარმომადგენლები მთავრობას სთავაზობენ, დეკემბრის განმავლობაში, 15 დეკემბრიდან, 24 დეკემბრის ნაცვლად - 3 იანვრამდე, მიეცეთ მუშაობის საშუალება.
14 დეკემბერს მოიხსნას გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომ მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრებში მისვლის საშუალება მიეცეთ.
ასევე გაუქმდეს 2020 წლის გადავადებული ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გადავადების საკითხზე მოლაპარაკებაში ჩაერთოს ეროვნული ბანკი.
მიმართვას უერთდებიან:
გალერეა თბილისი;
თბილისი მოლი;
ისთ ფოინთი;
თბილისი ცენტრალი;
ქარვასლა;
სითი მოლი;
გლდანი მოლი.
27 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგულაციების თანახმად, იხურება მოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი.
ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი
საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება
8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება
საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება
რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები