თეირანის მხრიდან ახალი დარღვევის შემდეგ, ევროპის ქვეყნები მსჯელობენ ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ნოემბერს ბერლინში მართავენ შეხვედრას, რომლის თემაა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება. შეხვედრა იმართება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გაეროს ატომურმა სააგენტომ განაცხადა, რომ თეირანმა ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაარღვია.
"ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ირანს მძლავრად მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ხელშეკრულების დარღვევა და სრულად დაუბრუნდეს თავისი ბირთვული მოვალეობების შესრულებას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა 23 ნოემბერს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰეიკო მაასს და მის ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს, დომინიკ რააბსა და ჟან-ივ ლე დრიანს შორის შეხვედრის გამართვამდე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 18 ნოემბერს კერძოდ განაცხადა, რომ ცენტრიფუგები, რომლებიც ირანში ურანის გამამდიდრებელ მთავარ სადგურზე, ნათანზში მიწისქვეშ მდებარეობს, ახლა სამუშაო მდგომარეობაშია.
ირანის მიერ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ირანს გამდიდრებული ურანის დაგროვება მხოლოდ პირველი თაობის IR-1 მანქანებით ხელეწიფება და მას მხოლოდ ასეთი ცენტრიფუგების ამოქმედება შეუძლია ნათანზის მიწისქვეშა ნაწილში - რომელმაც, სავარაუდოდ, საჰაერო დაბომბვას უნდა გაუძლოს.
თუმცა 2018 წელს ხელშეკრულებას გამოეთიშა აშშ და ირანის ეკონომიკას მკაცრი სანქციები აღუდგინა. ამის პასუხად, ირანმა, რომელიც აცხადებდა, რომ ხელშეკრულება შესაძლოა აღარ იყო ძალაში, დაარღვია მის ბირთვულ აქტივობაზე დაწესებული არაერთი შეზღუდვა, მათ შორის - ურანის გამდიდრების ხარისხის და რაოდენობის თვალსაზრისით.
ხელშეკრულების სხვა ხელმომწერები - რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ევროკავშირი - აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ძალაშია და თეირანს მისი დაცვისკენ მოუწოდებენ.
ირანის ოფიციალური პირები ჩივიან, რომ ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მან მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი ატომური პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.