ბუბა კიკაბიძემ განმარტა რატომ იმღერა „თბილისო“-ს რუსული ვერსიაც ენმ-ის საარჩევნო შეკრებაზე
საარჩევნო ბლოკის ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პარტიული სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დაიკავა სცენა. მან განმარტა, რატომ იმღერა ღონისძიების გახსნაზე „თბილისოს“ რუსული ვერსიაც.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი როა. ახლა ზარებმა დარეკეს, რომ ბუბაო, რატომ იმღერე ორი კუპლეტი რუსულადო, „თბილისო“? მე ვუთხარი, გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, - თქვა ბუბა კიკაბიძემ და სიტყვა გადასცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, საარჩევნო ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ხალხს დისტანციურად მიმართა.
რამდენიმე საათში ბუბა კიკაბიძემ „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა ტექნიკური შეცდომის შესახებ. „უკრაინაში რომ მივდივარ იქ ვმღერივარ რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია რომ ტექნიკურად უცებ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად, მაგრამ კაცი როცა სიმღერას უსმენს უნდა ტექსტს დაუგდოს ყური...ესეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს. 25-მა კაცმა დამირეკა მოსკოვიდან, რომ ძლივს არ გავიგეთ რაზე გამოხვედი სცენაზეო. არ შეიძლება ესე. ნუ ნერვიულობენ. მე რაც ომი დაიწყო 5-დღიანი, არცერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ და არ მიმღერია, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა" - თქვა ბუბა კიკაბიძემ.
ბუბა კიკაბიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს ოკუპანტს უწოდებს. ის ამბობს, რომ უარი თქვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჯილდოზე, ღირსების ორდენზე. რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა.