ირანის თქმით, მინსკის ჯგუფმა არაეფექტიანობა გამოავლინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში
„მინსკის ჯგუფმა საკუთარი არაეფექტიანობა გამოავლინა“, განაცხადა დღეს მოსკოვში ირანის სპეციალურმა წარმომადგენელმა მთიანი ყარაბაღის საკითხებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩიმ.
„უკვე 30 წელი გავიდა ამ ჯგუფის შექმნიდან, მაგრამ მან ვერა და ვერ შეძლო გზის გამონახვა პრობლემის ხანგრძლივი მოგვარებისთვის,“ თქვა დიპლომატმა. ამის შესახებ მოსკოვში ირანის საელჩო იტყობინება.
არაღჩი მოსკოვში ჩავიდა ბაქოდან, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ჩემი შეხვედრა საათნახევრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად ეკიდებიან თეირანის გეგმას რეგიონში მყარი მშვიდობის დამყარების თაობაზე,“ მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვები სააგენტო IRNA-ს.
ირანელი დიპლომატის თქმით, თეირანის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე წინასწარი ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს.