“იმედი მქონდა, რომ ქვის ხანიდან გამოვედით”
„იმედი მქონდა, რომ ქვის ხანიდან გამოვედით და დასრულდა ეპოქა, როცა საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის დროს ქვებით ხვდებოდნენ“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიას ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ბოლო დღეები გარემო შეიცვალა და მშვიდი საარჩევნო კამპანია აგრესიულ სახეს იღებს.
„რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ უფრო შეიძლება იყოს მწვავე კერები, ამიტომ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება განსაკუთრებით მიმართული უნდა იყოს იქით, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთონ, რომ პარტიულ დღის წესრიგს გაემიჯნონ.
ყველაზე მეტად გამოცდის წინაშე დადგება საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები და ტყუილად არ ყოფილა აშშ-ის ელჩის შეხვედრა გენპროკურორთან. შეხვედრის ერთადერთი მიზანი ალბათ შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ ის, რომ ამ ვითარებაში საგამოძიებო ორგანოებს აქვთ განსაკუთრებული როლი, მოახდინონ სწრაფი და სამართლიანი რეაგირება ასეთ ქმედებებზე. თორემ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას” შეიძლება ახლა ნერვებმა უმტყუნოს, როცა ძალაუფლებას ემშვიდობები და მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, ეს ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევით არიან მოხვედრილები, არის უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა, შეიძლება ამ ცდუნებას და ამ გამოცდას ბევრმა ვერ გაუძლოს,“- განაცხადა ბესელიამ.