ზურაბიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ „საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტოტიული მთლიანობის მიმართ.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ეს მოულოდნელობა ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს. თუმცაამ კავშირს არა მხოლოდ საქართველოში ხედავდნენ.
როგორც აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა მაშინ უთხრა რადიო თავისუფლებას, დავით გარეჯის საკითხის ემოციური შემადგენელი გარკვეულწილად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა - „გასაგებია, რომ ერთ მხარეს გამოვლენილმა ასეთი დონის ყურადღებამ ყურადღება გაუმახვილა მეორე მხარესაც“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დავით გარეჯში, აპრილში, „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად ჩავიდა და თქვა:
„აუცილებელია, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა“ და „აუცილებელია, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“,
„და ასევე, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს... რომელიც ვეღარ ითმენს“.
გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.