NDI იწყებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ხანგრძლივვადიან დისტანციურ დაკვირვებას
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ NDI-ს ანალიტიკოსების გუნდში გაერთიანებულია შვიდი ხანგრძლივვადიანი დამკვირვებელი და პროგრამის დირექტორი. ისინი შეისწავლიან არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებსა და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინპლატფორმას გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.
NDI აცხადებს, რომ საერთაშორისო ხანგრძლივვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად იმუშავებს.
პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.