ავსტრია ეწინააღმდეგება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას ნავალნის მოწამვლის გამო
ავსტრიის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი კვლავ უჭერს მხარს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, მიუხედავად პროექტის მიმართ ევროკავშირის მრავალი ქვეყნის წინააღმდეგობისა რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს ნავალნის საქმის დაკავშირება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან, თითქმის დასრულებულ გაზსადენთან, რომელმაც ბალტიის ზღვის გავლით რუსული გაზი უნდა მიაწოდოს ევროპას.
ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან უკრაინა მნიშვნელოვან მოგებას ნახულობს რუსული გაზის ტრანზიტით.
ავსტრიული OMV ევროპული კომპანიებისგან შემდგარ იმ კონსორციუმის წევრია, რომელიც 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის დაფინანსებაში მონაწილეობას.
ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათ საღამოს შეხვდა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს, რომელმაც მხარი დაუჭირა ავსტრიის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ნავალნის მოწამვლის გამო.
გაზსადენი „ეკონომიკურად პოზიტიური პროექტია“, - განაცხადა კურცმა.