რუსთავი-თბილისის მიმართულებით ერთ-ერთ მარშრუტზე მგზავრობის გაძვირება გააპროტესტეს
13 სექტემბერს რუსთაველმა აქტივისტებმა რუსთავი-თბილისის მიმართულებით ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულების 1,5 ლარიდან 1,8 ლარამდე გაზრდა გააპროტესტეს.
„არა ტარიფის ზრდას!“, - მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები ადგილობრივი ბაზრის ტერიტორიაზე, საიდანაც ხსენებული სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსები გადიან.
ერთ-ერთი რუსთაველი აქტივისტის, გივი შანიძის, განცხადებით, ტარიფის ზრდა უკანონოდ მოხდა, რადგან მგზავრობის საფასურს რუსთავის საკრებულო ადგენს.
„მოვითხოვთ, რომ მძღოლებმა მიკროავტობუსებში გააკრან საკრებულოს მიერ კონკრეტულ მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების დადგენილი საფასურის აღმნიშვნელი ტრაფარეტი“, თქვა გივი შანიძემ, რომელმაც დასძინა, რომ აქციაზე მოტანილ წიწიბურას და ვერმიშელს კომპანია „ინტერტრანსის“ მესვეურებს სიმბოლურად გაუგზავნიან.
აქციის მიმდინარეობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს მძღოლებმა, რომლებმაც მგზავრობის ფასის გაზრდა საწვავზე და ზოგადად ფასების მომატებით ახსნეს. „წადით, იქ გააპროტესტეთ....სადაც საწვავი იყიდება, ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს?“, - მიმართა ერთ-ერთმა მძღოლმა აქციის მონაწილეებს.
კომპანია „ინტერტრანსის“ პრესმდივანმა, სოფო ცერცვაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მგზავრობის ღირებულება მათ არ გაუძვირებიათ, ამასთან არც მგზავრებს მიუმართავთ საჩივრით.
„მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, უნდა ვიცოდეთ,თუ ვინმემ თვითნებურად გაზარდა, უნდა მიგვითითონ მიკროავტობუსის ნომერი ან დაასახელონ მძღოლის ვინაობა“, - თქვა სოფო ცერცვაძემ.
რუსთავის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან გურამ კვარაცხელიამ, რომელიც ტრანსპორტის საკითხებს კურირებს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოში შეისწავლიან, ტარიფის გაზრდა მოხდა „ინტერტრანსის“ მენეჯმენტის თანხმობით, თუ მძღოლების პირადი გადაწყვეტილებით.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების 11-ვე სამარშრუტო ხაზს კომპანია „ინტერტრანსი“ ფლობს.