ციხანოუსკაიამ „ტერორი“ უწოდა, ხოლო ევროკავშირმა დაგმო კალესნიკავასა და სხვათა გატაცება
ბელარუსის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 7 სექტემბერს გაავრცელა მიმართვა, რომელშიც „ტეო~რორი“ უწოდა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, მარია კოლესნიკავასა და სხვა ოპოზიციონერების გატაცებას.
„რეჟიმი დაკავებულია ტერორით. მარია კოლესნიკავას, ანტონ როდნენკოვისა და ივან კრავცოვის გატაცება, ეს არის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის მოშლის მცდელობა. მაგრამ ჩვენ ეს ვერ შეგვაჩერებს. განვაგრძობთ ბრძოლას და მივაღწევთ ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, - ნათქვამია ციხანოუსკაიას მიერ ტელეგრამის არხ „პულ პერვით“ გავრცელებულ მიმართვაში.
ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა, დაუშვებელი უწოდა ბელარუსში ადამიანების, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, გატაცებას და დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით.
„სახელმწიფო ორგანოებმა უნდა შეწყვიტონ მოქალაქეების დაშინება, უნდა შეწყდეს საკუთარი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“, - განაცხადა ბორელმა.
პორტალი Tut.by-ი თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კალესნიკავა 6 სექტემბრის საღამოს, აქციის დასრულების შემდეგ ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "Связь" (კავშირი) და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, მისი ტელეფონი არ პასუხობს.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარია კალესნიკავას დაკავება უარყო.