რუსეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ბაშარ ასადს შეხვდნენ
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერ, იური ბორისოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 7 სექტემბერს დამასკში შეხვდნენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, რომელიც დაინტერსებულია, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებით შეძლოს სამოქალაქო ომითა და აშშ-ის მკაცრი სანქციებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ეკონომიკის აღორძინება.
„სირიის მთავრობას განზრახული აქვს განაგრძოს მუშაობა რუს მოკავშირეებთან უკვე მიღწეული შეთანხმების რეალიზებისა და სირიაში რუსული ინვესტიცების წარმატების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ბაშარ ასადმა შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბორისოვმა აღნიშნა, რომ მოელის დეკემებრში რუსეთსა და სირიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარშემო „გრძელვადიანი“ ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, დამასკში 2012 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.
ლავროვმა განაცხადა, რომ ეკონომიკის აღსადგენად სირიას ესაჭიროება საერთაშორისო მხარდაჭერა, ხოლო დასავლეთ ცდილობს „სირიელი ხალხის მოგუდვას“.
რუსეთი, ირანთან ერთად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც დაიწყო 2011 წლის მარტში, მთავრობის სისხლიანი ზეწოლით დემონსტრანტებზე.
ამ ხნის განმავლობაში სირიის სამოქალაქო ომში სულ მცირე 400 ათასი კაცი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა