21 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, თავის მოქალაქეებს, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მდიდარი მარაგის შესახებ ამცნო და იქვე დაჰპირდა მათ, რომ ორიოდე წელში შეძლებდნენ მოპოვების დაწყებას. შავ ზღვაში აღმოჩენილმა ბუნებრივი აირის მარაგმა, შესაძლებელია თურქეთის ენერგოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალოს და უფრო ძლიერ მოთამაშედ აქციოს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თავისი უფლებები მოიპოვოს. ოფიციალური ანკარას ასეთ სტრატეგიულ ინტერესებს მოწინააღმდეგე ბევრი გამოუჩნდა, პირველ რიგში კი საბერძნეთი.
ამჯერად დაპირისპირების მიზეზად შეიძლება განვიხილოთ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, კონტინენტალური შელფის ირგვლივ, ენერგორესურსების სადაზვერვო საქმიანობა, რომელსაც საბერძნეთი თავისად მიიჩნევს, თურქეთი კი პერიოდულად სადაზვერვო საქმიანობებს აწარმოებს.
გასათვალისწინებელია, რომ ორივე სახელმწიფო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის-“ნატოს” წევრები არიან, რაც ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის დამატებით უხერხულობასა და დაძაბულობას ქმნის.