სააკაშვილი დაბრუნებას აანონსებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 აგვისტოს
მიხეილ სააკაშვილი: მე ვბრუნდები!
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ფეისბუკის საშუალებით უთხრა, რომ ის საქართველოში ბრუნდება. განცხადებაში ის ამბობს, რომ 7 წელი საკმარისი დრო იყო დაფიქრებისა და ბევრი საკითხის გადასაფასებლად.
ვიდეომ ფეისბუკში ბევრის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი იყო „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი, რომელმაც პოსტი გააზიარა წარწერით „miha hamodiii”. უფრო სერიოზულ განცხადებებში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა ელის. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ თქვა, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარზევე დააკავებენ.
რას ნიშნავს სააკაშვილის სიტყვები და რა გეგმები აქვს მას წინასაარჩევნოდ? ამაზე გუშინ ბევრი ვერსია გაჟღერდა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან არაერთხელ გაისმა, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილავს.
სანამ სააკაშვილის განზრახვის შესახებ გახდებოდა ცნობილი, ოპოზიციურ ერთობაში დღე ერთგვარი რყევებით დაიწყო. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება - ისნის საარჩევნო ოლქში კონკურენტი, ხატია დეკანოიძე დაუყენოს ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ კანდიდატს.
წაიკითხე მეტი.
პროკურატურა განმარტავს, რატომ მოძრაობდა სუს-ის მანქანები ბაჩალიაშვილის მანქანის უკან
პროკურატურამ განმარტა მიზეზი, თუ როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან მანქანები სუს-ის ნომრებით.
უწყება განმარტავს, რომ ისინი სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მხოლოდ გზის გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვლის მანქანის უკან.
„გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე", - აცხადებენ პროკურატურაში.
ბაჩალიაშვილის ოჯახი კი 30 აგვისტოს საპროტესტო აქციას გეგმავს და მხარდაჭერისთვის ხალხს მიმართავს. ისინი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანას მოითხოვენ, რათა საქმე გაიხსნას.
წაიკითხე მეტი.
სიახლეები კორონავირუსის შემთხვევების შესახებ
დღეს ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ქვეყანაში. მანამდე კი ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1447-ს აღწევს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1190. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 82%-ია.
გუშინ კი ვირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველას წყარო უკვე დადგენილია. ახალი შემთხვევიდან 1 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 6-ს კონტაქტი ჰქონდა ადრე ინფიცირებულ პირებთან და 4 შემთხვევა შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 11-დან ერთი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებისთვის ემზადება, პუტინი კი ლუკაშენკას რეჟიმს ამაგრებს
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. არაოფიციალური ორდღიანი შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.
თუკი სანქციების თაობაზე შეთანხმებას შეძლებენ, ის მიმართული იქნება იმ პირებისადმი, ვინც ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბებასა და აქციების დარბევაში მონაწილეობდა.
დასავლეთი მკაცრ პოზიციაზეა, ხოლო რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას. მან გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. ლუკაშენკამ ილაპარაკა მოსკოვთან შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთი დააფინანსებს ბელარუსის 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალებს.
წაიკითხე მეტი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკას თხოვნით რუსეთმა შექმნა რეზერვი ბელარუსის დასახმარებლად
ბუნდოვანი ცვლილება - შეძლებს თუ არა ქალი ქმრის, პარტნიორის გარეშე, შვილის გაჩენას?
შეძლებს თუ არა ქალი დამოუკიდებლად, მეუღლის, პარტნიორის გარეშე, შვილის გაჩენას ინ ვიტრო, ანუ ხელოვნური განაყოფიერებით? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც ცვლილებები შედის კანონში და სადაც ვკითხულობთ, რომ ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე, სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ამ ინიციატივას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მინისტრი მათ პასუხობს, რომ ცვლილება მხოლოდ სუროგაციის გზით ბავშვების ყოლის მსურველებს შეეხება და ამგვარი ცვლილების მიზანია ჩვილების უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.
ექიმები კი ამბობენ, რომ კანონის ამგვარი ფორმულირება ბუნდოვანია და მან ბევრ ქალს შეიძლება შეუქმნას პრობლემა.
წაიკითხე მეტი.
ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლის კადრებს დაადო სხვა ხმა, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს იქ შეკრებილები მას აწყვეტინებდნენ და არ აცლიდნენ ლაპარაკს, როცა, სინამდვილეში, ეს იყო ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომისკენ მომწოდებელი შეძახილები.