ზედიზედ მეოთხე დღეა აშშ-ში COVID-19-ით 1200-ზე მეტი გარდაცვლილი რეგისტრირდება
31 ივლისს კორონავირუსით 1400-მდე პაციენტი გარდაიცვალა აშშ-ში, სადაც ზედიზედ მეოთხე დღეა სამედიცინო დაწესებულებებში 1200-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი რეგისტრირდება.
ყველაზე რთული ვითარებაა კალიფორნიასა და ფლორიდაში.
წუხელ COVID-19-ით ფლორიდაში 257, ხოლო კალიფორნიაში - 208 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, ეპიდემიის განმავლობაში აშშ-ში დაინფიცირდა 4,5 მილიონი ადამიანი.
გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 153 415-ს აღწევს.
ამავე ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსმა იმსხვერპლა 679 000-ზე მეტი ადამიანი, ინფიცირებულთა გლობალური რაოდენობა 17,7 მილიონს აჭარბებს.
აშშ-ის მეზობელი, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა ვირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკით.
იქ კორონავირუსმა იმსხვერპლა 46 688 ადამიანი.