კელი დეგნანი გელათს მოინახულებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ქუთაისს ეწვია, გელათის სამონასტრო კომპლექსს დაათვალიერებს.
„უნიკალური საგანძურის - გელათის აღდგენაში ამერიკის საელჩოს მიერ შეტანილი წვლილით ვამაყობ. თვალყურს ვადევნებ პროცესებს, რომლებიც ძეგლის ირგვლივ ვითარდება და ვაპირებ, პირადად მოვინახულო“, - განაცხადა მან იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრის შემდეგ.
სხვადასხვა დროს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ტაძრის კონსერვაცია-რეაბილიტაციაზე ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსები დაიხარჯა. გელათის მონასტრის კონსერვაცია თითქმის 20 წლის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც განახლდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანად ჩატარდა კომპლექსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კულტურის ყოფილი მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამტკიცებს, რომ ტაძარი ხელახლაა გადასახური, უხარისხო სახურავის გამო ძეგლი ზიანდება და კონსერვაციისთვის გამოყოფილი თანხა, მათ შორის, ამერიკელი გადამხდელების, უყაირათოდ დაიხარჯა.
მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავის ნაწილის დაზიანებას ადასტურებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და განმარტავს, რომ დაზიანებულია სახურავის 10-15%, რაც, მისი შეფასებით, „რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია” და სახურავის ამ ფრაგმენტს მშენებელი კომპანია საკუთარი სახსრებით გამოცვლის.
გელათის გადახურვის სამუშაოებს ასრულებს „ხელოვნების საერთაშორიო ცენტრი“, სადაც განმარტავენ, რომ მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა იმის დასადგენად, თუ რატომ დაზიანდა კრამიტი გადახურვიდან მალევე.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქუთაისს დღეს ესტუმრა. ის ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ელჩის ინტერესის სფეროა წინასაარჩევნო გარემოსა და იმის გაცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონში აშშ-ის ფინანსური დახმარებით წამოწყებული პროექტები.
წაიკითხეთ ასევე:
გელათის დაზიანებული ფრაგმენტი “რეაბილიტაციის თანმდევი პროცესია”, პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან
გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებს
რატომ ვერ გაუძლო გელათის სახურავმა ზამთარს - ფრესკების გადასარჩენად ტაძარი ტენტით გადახურეს