რთე/რთ-ის პრეზიდენტმა თავისი განთავისუფლების შესახებ გამოაცხადა
ჯეიმი ფლაიმ, რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის მიერ მისი განთავისუფლების შესახებ.
თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში ფლაი წერს, რომ განთავისუფლების შესახებ მას ეუწყა მაიკლ პაკის, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ახალი ხელმძღვანელის მიერ. „დიდი წუხილით გტოვებთ ყველას რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებაში“, წერს ფლაი თავის გზავნილში. „ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გასული წლის განმავლობაში პატივი იქნება ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე“.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის თანახმად,მაიკლ პაკმა ასევე გაათავისუფლა აშშ-ის კიდევ სამი საერთაშორისო მაუწყებლობის - რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის და კუბის მაუწყებლობის ოფისის ხელმძღვანელები. განთავისუფლებულია ასევე "ღია ტექნოლოგიის ფონდის" ხელმძღვანელი, რომელსაც აგრეთვე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) უწევს ზედამხედველობას.
პაკმა, რომელიც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელად ორი კვირის წინ დაამტკიცეს, გამოცვალა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების, რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრები და თვითონ გახდა მისი თავმჯდომარე.
USAGM-ის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში პაკი ამბობს, რომ ერთგულია ვალდებულების, უზრუნველყოს აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობების დამოუკიდებლობა, რომელთა ამოცანაა მიაწოდონ დამოუკიდებელი ახალი ამბები და ინფორმაცია აუდიტორიას მთელ მსოფლიოში.
USAGM ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის, კუბის მაუწყებლობის ოფისის და ღია ტექნოლოგიის ფონდის მუშაობას. ეს ფონდი ინტერნეტის თავისუფლების ტექნოლოგიებს აფინანსებს.
USAGM-ის წევრი ორგანიზაციები, რომელთა საერთო ბიუჯეტი 798 მილიონი დოლარია, ციფრულ, ტელე და რადიო პროდუქტს აწვდიან 100-ზე მეტ ქვეყანაში, და მათი ამოცანაა, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება და მისი დაინტერესება, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ფასეულობებს.
USAGM-ის როლი ასევე შეიცავს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების, რომელიც კერძო მედია ორგანიზაციაა, სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას.
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება მაუწყებლობს 28 ენაზე, მისი ყოველკვირეული აუდიტორია აღწევს 37,6 მილიონ ადამიანს 23 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ირანსა და ავღანეთში.
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების აუდიტორია განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო თვეებში, პანდემიის პერიოდში, იმ ქვეყნებში, სადაც ოფიციალური მედია ცდილობს კორონავირუსის შესახებ შეზღუდული ინფორმაცია გაავრცელოს.
ჯეიმი ფლაი, რომელიც რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებაში 2019 წლის აგვისტოში მოვიდა, თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ იმედი ჰქონდა ამ ორგანიზაციისთვის უფრო დიდხანს ემუშავა, რათა დახმარებოდა იმის უზრუნველყოფას, რომ რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ისეთივე ზეგავლენა ჰქონოდა მომავალ ათწლეულებში, როგორც ეს იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში.
ფლაის თანახმად, მაუწყებლის მოქმედი პრეზიდენტი იქნება დეიზი სინდელარი, რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი რედაქტორი.