პუტინმა მერკელს უთხრა, რომ კიევმა პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოოს დონბასთან და ლუგანსკთან
9 ივნისს გერმანიის კანცლერის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომელზეც, კრემლის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დონბასში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც მოსკოვი „უკრაინის შიდა კონფლიქტს“ უწოდებს.
„გამოითქვა შეშფოთება, რომ არ არსებობს პროგრესი მინსკის 2015 წლის შეთანხმებისა და პარიზის 2019 წლის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე „ნორმანდიის ოთხეულის“ გადაწყვეტილებების რეალიზების შესრულების მხრივ“, - ნათქვამია კრემლის საიტზე ამ სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც ასევე იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა „კიევის მხრიდან პირდაპირი დიალოგის გამართვის მიზანშეწონილობას ლუგანსკთან და დონეცკთან“.
გერმანიას კანცლერის პრესსამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია ცნობა ამ სატელეფონო საუბრის შედეგებზე.
ამ საუბრის ფონია 9 ივნისს, დონბასის კონფლიქტის ზონაში სოფელ ავდიივკასთან უკრაინული ჯავშანმანქანის ნაღმზე აფეთქება, რომლის შედეგად დაიჭრა 10 უკრაინელი ჯარისკაცი.
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის შეაიარაღებულ ძალებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის უკანონო სამხედრო ფორმირებებს შორის.
გაეროს თანახმად შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ათასი ადამიანი.