ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის კანონზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჰონგ-კონგის ავტონომიურ სტატუსს
ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონის თაობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჰონგ-კონგის ავტონომიურ სტატუსს.
„ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთის მიერ 28 მაისს გადადგმული ნაბიჯების გამო, რომლებიც არ შეესაბამება მის საერთაშორისო ვალდებულებებს (ჩინეთ-ბრიტანეთის 1984 წლის ერთობლივი დეკლარაცია) და ჰონგ-კონგის ძირითად კანონს. ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ სერიოზულად შეიძლება გამოეთხაროს ძირი პრინციპს „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ და ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი ხარისხის ავტონომიას.
ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ ჩინეთის სურვილს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ჩვენ ამ საკითხს ჩინეთთან ჩვენი მუდმივი დიალოგის ფარგლებში წამოვჭრით,“ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის განცხადებაში.
28 მაისს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ (საკანონმდებლო ორგანომ) მიიღო „კანონი უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას ჰონგ-კონგში და ავტონომიური ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურის ადგილობრივ „ფილიალებს“.
კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება მოწოდებები ჰონგ-კონგის ჩინეთიდან გამოყოფასთან დაკავშირებით. კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის. დამნაშავე დაისჯება 6,5 ათასი დოლარის ჯარიმით ან პატიმრობით 3 წლამდე ვადით.
მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.
მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.