ჯაღმაიძე ანტონის ანტიდასავლურ ქადაგებაზე: წარმოაჩინა რეალობა რაც მოსახლეობაში ამოტივტივდა
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, „ტენდენციური, უსამართლო დამოკიდებულება ეკლესიისადმი, ბრალდებები, დაუსაბუთებელი ცილისწამებები, მუდმივად მომდინარეობს სწორედ იმ სეგმენტიდან, რომელზეც მეუფე საუბრობდა“.
დეკანოზი საშიშროებას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.
„საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ასე გააგრძელეს იმ არასამთავრობო ორგანიაზციებმა… აი, TDI-მ მაგალითად, გამოაქვეყნა საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების შესახებ ცნობა და როგორ გამოაქვეყნა: 17 წლის მანძილზე შეკრიბა თანხა. რატომ განაცხადა მეუფე ანტონმა, რაც განაცხადა, უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და, ამავდროულად, ამას აკეთებენ ევროპული ფასეულობების ქადაგების ფონზე, გესმით? მოსახლეობაში ჩნდება პროტესტი, რომ თუ ეს არის ევროპა, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოში დღედაღამ ეკლესია უნდა ლანძღონ და უსამართლოდ უნდა გათელონ ოცსაუკუნოვანი ინსტიტუცია საქართველოსი და ალბათ ეს არის ყველაზე უწყვეტი ჯაჭვი, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი იდენტობის ყველა ნაწილი: ისტორიაც, კულტურაც, მწერლობაც, სიმღერაც, გალობაც, ყველაფერი დაკავშირებულია ეკლესიასთან და ესე უბოდიშოდ ფეხქვეშ გათელვა ნებისმიერ დონეზე სწორედ იმ ხალხისგან მომდინარიობს, რომლებიც გრანტებს იღებენ ევროპული ფონდებიდან. ამიტომ არის ეს, რომ ამ ხალხმა წარმოქმნა ეს სიტუაცია, როდესაც მოსახლეობას უჩნდება აზრი, ნუთუ ეს არის ევროპა?! ჩვენ გვგონია, რომ ევროპა სხვა რამეა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზის შეფასებით, „მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა“.
მიტროპოლიტმა ანტონმა ქადაგებისას ილაპარაკა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის გადახედვის შესახებ. „მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდზე დავსვამ ამ საკითხს, ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა”, - თქვა მან.