აშშ რუსეთს გაუგზავნის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს
აშშ რუსეთს გაუგზავნის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით, კალიფორნიაში წარმოებული პირველი აპარატები ოთხშაბათს იქნება მზად მოსკოვში გასაგზავნად. რუსეთში კიდევ 150 აპარატს გაგზავნიან 26 მაისს.
აშშ-ის მთავრობამ მთლიანად გადაიხადა აპარატების ფასი და რუსეთში მათი ჩატანის ხარჯები, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, მთლიანობაში - 4,7 მილიონი დოლარი.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს რუსეთში ჩაიტანენ რუსეთის სამხედრო ავიაციის მეშვეობით, ვინაიდან ამჟამად რუსეთსა და აშშ-ს შორის არ არის კომერციული რეისები. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ აპარატები განკუთვნილია რუსეთის მოსახლეობისთვის და ეს გადაწვეტილება არაა რუსეთის სამხედროებთან რაიმე სახის პარტნიორობის სიგნალი, აღნიშნავს „ამერიკის ხმა“.
აპრილის დასაწყისში რუსეთმა აშშ-ში გაგზავნა რუსული წარმოების ვენტილატორები და ეს აქცია მოსკოვის მიერ თავდაპირველად დიდსულოვან ჟესტად იქნა წარმოდგენილი. მოგვიანებით ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ვენტილატორებში ფული გადაიხადა.