უცნობია რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის ინფიცირების წყარო
რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდის ინფიცირების წყარო მიკვლეული არ არის.
რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდას დაავადება დღეს გათენებისას დაუდგინდა.
"ამ ეტაპზე დადგენილია შვიდი კონტაქტი, საიდანაც ექვსს მჭიდრო შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულთან. ექვსივე იზოლირებულია და გამოკვლევა ჩაუტარდებათ", თქვა რუსთავის მერმა და დასძინა, რომ გრძელდება როგორც შიდა, ისე გარე კონტაქტების დადგენა, რასაც შესაძლოა საკვლევი ადამიანების რაოდენობის გაზრდა მოჰყვეს.
ინფიცირებული, დაავადებისთვის დამახასიათებელი სინდრომებით, გუშინწინ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოათავსეს.