სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში გადაიყვანეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი საჰოსპიტალიზაციოდ თბილისში გადაიყვანეს. ერთი
მათგანი მცირეწლოვანია.
სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა“. „ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა. წასვლის წინ თავად გაამზადეს ყველაფერი, კბილის პასტა და ჯაგრისიც კი მოიმარაგეს. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ცუდად იყვნენ, ფერმკრთალი სახეები ჰქონდათ“, თქვა რობიზონ სელიმაშვილმა.
1 მაისს სოფელ მუშევანში მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორ ბრიგადას, ასევე, პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა COVID-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაში. ინციდენტის დროს დაზიანდა 2 სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მუშევანის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა თქვა, რომ ინფიცირებულები 3-4 დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდნენ და „არავის იკარებდნენ“.
ინფიცირება ტესტირების შემდეგ დაუდგინდათ.
„ხვალ სოფელში ტესტირებისთვის ბრიგადები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ ხალხი ამ პროცედურას გაურბის. ვეხვეწებით, ვუხსნით, მაგრამ არ გვიჯერებენ. ტყეში გარბიან ან მეზობელ სოფელში გადადიან“, თქვა რობიზონ სელიმაშვილმა.
მუშევანში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევა 1 მაისს დადასტურდა.