აშშ-მა ევროპის კავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ირანის სარაკეტო პროგრამაზე მომუშავეებს
აშშ-მა ევროპის კავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანის სარაკეტო პროგრამაზე მუშაობენ. ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომ თეირანმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა სამხედრო თანამგზავრი.
ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ირანზე გავრცელდეს გაეროს ემბარგო კონვენციურ იარაღზე. აშშ-ის თანახმად, თანამგზავრის გაშვება მოწმობს, რომ ირანის კოსმოსური პროგრამა „არც მშვიდობიანია და არც მთლად სამოქალაქო“.
„ეს რაკეტამზიდი და მანამდე გაშვებული სხვა რაკეტამზიდები მოიცავს ტექნოლოგიებს, რომლებიც იდენტურია და შეიძლება ჩაენაცვლოს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება ბალისტიკურ რაკეტებში, მათ შორის, შორი მანძილის სისტემებში, როგორიცაა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები. არცერთ ქვეყანას არ გამოუყენებია ოდესმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები რაიმე სხვა მიზნით, გარდა ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებისა“, - განაცხადა 25 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
რამდენიმე თვის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 22 აპრილს გამოაცხადა, რომ ორბიტაზე გაიყვანა სამხედრო თანამგზავრი.