პაატა იმნაძე: ფულის დეზინფექცია ცხელი უთოთი და სადეზინფექციო საშუალებებითაც შეიძლება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე, მოსახლეობას სახლის პირობებში ფულის ბანკნოტების სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებით დეზინფექციას ურჩევს.
მისი განმარტებით, ბანკები ამას აკეთებენ, მაგრამ დეზინფექციის მეთოდებს მოქალაქეებმა ინდივიდუალურადაც შეუძლიათ მიმართონ:
„აქ ლაპარაკია არა უფრო იმაზე, ბანკომატიდან ფულს რომ იღებს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში რომ ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი... რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარების თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება დეზინფექციისთვის. საკმაოდ ეფექტური იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
3 აპრილის 15 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.