აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოშია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, - ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ბჟანია სოჭში შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოდ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში. როგორც ჩანს, საუბარია კვებით ინტოქსიკაციაზე“, - უთხრა „ინტერფაქსს“ ბჟანიას დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ კარჩაამ.
მისი სიტყვებით, „კანდიდატის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება“.
28 თებერვალს ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრესკონფერენცია გამართა.
16 იანვარს, ასლან ბჟანიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.
აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.
რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.
ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.
ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.
12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ უარი თქვა.
.