კორონავირუსზე ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 8 პირის ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მარტის დილის მონაცემებით 19 პაციენტი იმყოფება. მათგან უკვე ცნობილია 8 პირის ანალიზის პასუხები-ლუგარის ლაბორატორიის თანახმად, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ სტაციონარიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.
დღეს, 2 მარტს დღის ბოლოს გახდება ცნობილი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში განთავსებული კიდევ 8 პირის ანალიზის შედეგები. მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს ჩაუტარებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პაციენტიც. მედიკოსთა თანახმად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი დაუდგინდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შევიდა აზერბაიჯანის გავლით. მეორე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიიდან ჩაფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მესამე ინფიცირებული მამაკაციც ირანში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა. მედიკოსების თანახმად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.