მაია ცქიტიშვილი: ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ ქართული სუფრით
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ქართული სუფრისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭება არის პრაქტიკა, რომელსაც ბევრი ქვეყანა მიმართავს თავისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით. იგი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ მედიაში ეს საკითხი ქილიკისა და ხუმრობის საგანი გახდა.
ქართული სუფრა ქეიფი არ არის, ეს ტრადიციაა, - უთხრა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს:
„ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. პირველ რიგში ის ტრადიცია, რომ ქართველებს გვყავს თამადა, გვაქვს სადღეგრძელოები, რომლებსაც იცით, რომ თავისი თანმიმდევბრობაც კი აქვს. და გარდა ამისა, ქართული სუფრა არის ქართული პოლიფონია, ქართული სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომში ხდება იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ისევე როგორც ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია გახდა, როგორც ქართული პოლიფონია და ანბანი გახდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, - ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 19 თებერვალს გაავრცელა. სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.