თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ ირანელ მოზარდს პნევმონია არ აღმოაჩნდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ, ახალ კორონავირუსზე ტექსტირების პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში განთავსებული 3 მოქალაქიდან ტემპერატურის მატება 8 და 13 წლის მოზარდებს აღენიშნებათ, დედა კი ამ დროისათვის ჯანმრთელადაა. მისი განმარტებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა:
„აეროპორტში ამ სამი პირიდან ორს ტემპერატურა დაუფიქსირდა, სამივე მათგანი ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენს ცენტრში პაციენტებად გაფორმდნენ მხოლოდ ბავშვები, 8 წლის და 13 წლის ბიჭები. ჩატარებული გამოკვლევებით, ორივესთან გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშომლები ტესტირებას ჩაატარებენ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე. A და B ტიპის გრიპის ვირუსები გამოირიცხა. ამ ეტაპზე ეს პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით გადიან. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან აუცილებელი არ არის. რაც შეეხება დედას, ის ინფიცირებული არ არის, თუმცა მეთვალყურეობას ისიც გადის“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.
ირანის სამი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. ქალი და ორი მოზარდი დედა და შვილები არიან. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ისინი არიან ირანის ქალაქ ყომიდან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა.