ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს
„ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა“, - ასე უწოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა. 22 თებერვალს აქცია გაიმართა სამოქალაქო მოძრაობის, „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, ორგანიზებით. მას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარებისა და ქვეყნის დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.
„პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა და შენობის გაყიდვა ნიშნავს, რომ ქალაქი მთლიანად კარგავს შინაარსს“, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა მიხეილ მუმლაძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლის ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით კი, შენობა საპარლამენტო მუშაობისთვისაა შექმნილი და მასში სხვა უწყების განთავსება მიუღებელია.
ქუთაისში, პარლამენტის შენობა 2019 წლის იანვრიდან დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პროცესი უკვე დაიწყო.