საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.
გელა გიორგაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თადარიგის ოფიცერია. მანამდე იგი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბში მუშაობდა. იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2016 წლებში გელა გიორგაძეს გერმანიასა და შვეიცარიაში თავდაცვის ატაშეს თანამდებობა ეკავა. 2010-2012 წლებში იგი თავდაცვის ატაშე იყო პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.
გელა გიორგაძე მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყის და მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გელა გიორგაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 20 თებერვლიდან შეუდგა.
აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა დიმიტრი ლეჟავა, რომელიც მედიის თანახმად, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) ყოფილი ოფიცერი იყო.
პრეზიდენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ დიმიტრი ლეჟავამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.