პარიზის პროკურატურამ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა პიოტრ პავლენსკის წინააღმდეგ
პარიზის პროკურატურამ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი მხატვარი-აქციონისტის, პიოტრ პავლენსკისა და მისი მეგობარი ქალის, ალექსანდრა დე ტადეოს წინააღმდეგ.
ისინი პარიზში შაბათს დააკავეს მეორე დღეს იმ სექსუალური სკანდალის შემდეგ, როდესაც პავლენსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაკომპრომეტირებელი ვიდეოსა და სექსუალური შინაარსის შემცველი პირადი მიმოწერის შემდეგ, პარიზის მერის არჩევნებს გამოეთიშა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფავორიტი, ბენჟამენ გრივო.
სექსუალური ხასიათის მასალების პუბლიკაციისათვის, მასზე ასახული ადამიანის თანხმობის გარეშე, პროკურატურა პავლენსკისა და დე ტადეოსათვის აღკვეთის სახით სასამართლო კონტროლის დაწესებას მოითხოვს. მეორე ბრალდება კი წარუდგინეს უშუალოდ პავლენსკის, რომელმაც გამოძიების თანახმად, ახალი წლის ღამით დანით დაჭრა მოქალაქე. ბრალდება ამ საქმეზე პავლენსკისათვის აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს.
სექსუალური შინაარსის შემცველი ვიდეო და გრაფიკული მასალები ინტერნეტში პავლენსკიმ იმის საჩვენებლად განათავსა, რომ ბენჟამენ გრივო, რომელიც საჯაროდ ოჯახის სიწმინდეს იცავს, სინამდვილეში არ ერიდება ცოლის ღალატს.
წამყვანმა ფრანგმა პოლიტიკოსებმა დაგმეს ვიდეოს გამოქვეყნება და დაუშვებელი უწოდეს პოლიტიკური ბრძოლის ასეთ ფორმას.
საფრანგეთსა და რუსეთში პავლენსკი ცნობილია თავისი შემაძრწუნებელი პერფორმანსებით.
2017 წელს მან ცეცხლი წაუკიდა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ფასადს და მის წინ ფოტო გადაიღო.
მანამდე ერთი წლით ადრე მან ცეცხლი წაუკიდა კა-გე-ბე-ს მემკვიდრე ორგანიზაციის, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინის კარს.
სკანდალებით სახელგანთქმულმა რუსმა მხატვარმა 2017 წელს დატოვა რუსეთი და წავიდა საფრანგეთში, სადაც მოქალაქეობა მიიღო.