ლავროვმა ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება MH-17-ის საქმის გამოძიებას შეადარა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, რომელთან რუსეთის კავშირზეც გამოითქმის ეჭვები, შეადარა 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების „ბოინგის“ უკრაინაში ჩამოვარდნის თაობაზე გამოძიებას.
ახლახან გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. გერმანიის ფედერალური პროკურატურის აზრით, ბოროტმოქმედებასთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს რუსეთის ხელისუფლებას ან მის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას. ბერლინმა მოსკოვს ბრალი დასდო ბოროტმოქმედების გამოძიებისთვის არასაკმარის მხარდაჭერაში.
ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო და რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა. პოლიციამ მკვლელობის ადგილზე დააკავა მამაკაცი, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. ჟურნალისტებმა ეჭვმიტანილში ამოიცნეს 54 წლის ვადიმ კრასიკოვი. ის რუსეთში მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და იძებნებოდა. მოგვიანებით მასზე ძებნა შეწყდა და მან ახალი საბუთები მიიღო, აღნიშნავენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
ლავროვის თქმით, როცა გერმანიის ხელისუფლება რუსეთს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ეპატიჟება, ამისთვის ბერლინმა არსებული ორმხრივი არხები უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება მალაიზიის ავიახაზების „ბოინგის“ საქმის გამოძიებას დაემსგავსება.
მალაიზიის ავიახაზების MH-17 რეისის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი არიან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი უკრაინელი სეპარატისტები და რუსეთის მოქალაქეები. კატასტროფისას თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. მოსკოვი საერთაშორისო გამოძიებას ბრალს სდებს იმაში, რომ ის არ მიიწვიეს კატასტროფის გამოძიებაში.