შსს: „პორნოგრაფიის საქმეზე“ კიდევ 11 პირი - ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს
„ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში „პორნოგრაფიის საქმეზე“ გამართულ ბრიფინგზე.
ბორცვაძის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.
ბრალდებულება 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ბორცვაძე ჰყვება, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ამავე საქმეზე, როგორც შსს იტყობინება, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.
სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.
„დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები“, - აცხადებს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.