ახალგაზრდა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე თამაშიც წააგეს
საქართველოს 19-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, თბილისში, სამხრეთ აფრიკასთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ისევ შვიდი ქულით დამარცხდა, ანგარიშით 33:40. სამი დღის წინანდელი მატჩის (21:28) მსგავსად, დღევანდელი თამაშიც „შევარდენის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა მოთხოვნით, დილის 11:00 საათზე დაიწყო.
შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველ ოც წუთში გადაწყდა - სამხრეთაფრიკელებმა სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვაც მიითვალეს და 19:0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელოთი გაიხარეს. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კი შესვენებამდე ჩამორჩენა თოთხმეტ ქულამდე შეამცირა, ლევან ქუშაშვილისა და ლუკა ხეხელაშვილის ლელოებითა და სანდრო მარგიანის გარდასახვით.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 21:14 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძელთაგან ლელოები გაიტანეს იოანე იაშაღაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ და თემურ კოხოძემ. ლაშა ლომიძემ კი სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.