რუსეთი სოფიის ქმედების საპასუხოდ ბულგარელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან
რუსეთმა განაცხადა, რომ ბულგარელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან ოთხი კვირის შემდეგ მას მერე, რაც სოფიამ გადაწყვიტა, ვიზა არ მისცეს რუსეთის თავდაცვის ახალ ატაშეს ჯაშუშობის სკანდალის ფონზე. რუსეთის ხელისუფლებამ ამცნო ბულგარეთის ელჩს რუსეთში, ატანას კრასტინს, რომ დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი 24 საათის განმავლობაში, საპასუხო ქმედების პრინციპის თანახმად.
ამის თაობაზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება 5 დეკემბერს. რუსეთის მედიამაც გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატი გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“.
ბულგარეთმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ უარი უთხრა ხანგძლივი ვიზის მიცემაზე სოფიაში რუსეთის თავდაცვის ატაშეს ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სხვა, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.
უფრო ადრე, ბულგარეთის პროკურატურამ ბრალი დასდო ნიკოლაი მანილოვს, ბულგარეთის ყოფილ კანონმდებელს და პრორუსული ლობისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ფულის გათეთრებაში და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაში რუსეთში დაფუძნებული ორი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც ახლო კაშირები ჰქონდათ კრემლთან და რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან.
მანილოვი ბრალდებებს უარყოფს. ბულგარეთი, მოსკოვის მიმართ ლოიალური სახელმწიფო კომუნისტური მმართველობის პერიოდში, 2004 წელს ნატოს წევრი გახდა და 2007 წელს ევროკავშირში შევიდა.