ნატო: რუსეთის აგრესიული მოქმედებები ემუქრება ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას
რუსეთის აგრესიული მოქმედებები მუქარას უქმნის ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს სამიტის დასკვნით განცხადებაში. სამიტი, რომელიც ლონდონში გაიმართა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70-ე წლისთავს მიეძღვნა. გარდა ამისა, დოკუმენტში სხვა საფრთხეებს შორის ჩამოთვლილია ტერორიზმი, ჰიბრიდული და კიბერთავდასხმები.
ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კავშირის ძალები გაზრდიან რეაგირების მზადყოფნას ნებისმიერ საფრთხეზე, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიმართულებით. ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კავშირი მიიღებს საპასუხო ზომებს რუსეთის საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია ღიაა რუსეთთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, „როცა რუსეთის მოქმედებები ამის საშუალებას იძლევა“.
დოკუმენტში ნახსენებია ასევე ჩინეთის მზარდი გავლენა. ნატოს თანახმად, ეს დაკავშირებულია როგორც შესაძლებლობებთან, ისე გამოწვევებთან, რომლებზეც ნატოს წევრებმა ერთად უნდა იზრუნონ.
სამიტის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე. 2020 წელს ისინი 130 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2024-ში კი - 400 მილიონს. ნატოს ბიუჯეტში ევროპელებისა და კანადის წილის გაზრდას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვდა.
სამიტში ტრამპის მონაწილეობა მედიის ფართო ყურადღების ცენტრში მოექცა. კანადის ტელეარხმა CBC-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯანსტინ ტრიუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსჯელობენ ტრამპის ზედმეტად ხანგრძლივი პრესკონფერენციის შესახებ.
მოგვიანებით ტრამპმა ტრიუდოს „ფარისეველი“ უწოდა და კანადა გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის ნატოს ბიუჯეტში არ იხდის საერთო შიდა პროდუქტის ორ პროცენტს.
სამიტის შემდეგ ტრამპმა უარი თქვა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საკმარისად იურთიერთა პრესასთან.