ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრებს გერმანიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა
23 აგვისტოს ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ველოსიპედით გაუჩინარება სცადა, მაგრამ მალევე დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საგამოძიებო ვებსაიტების Bellingcat-ისა და The Insider-ის თანახმად, მკვლელობა შესაძლოა რუსეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით ან მისი დაკვეთითაც კი იქნა ჩადენილი.
პანკისის ხეობაში დაბადებული ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ორ ომში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. მოგვიანებით ის თანამშრომლობდა საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის უშიშროების სამსახურებთან. ხანგრძლივი მუქარებისა და მასზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს საქართველოში დეპორტაცია ემუქრებოდათ. გერმანიაში მათ დარჩენას ითხოვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკოსები.
როგორც ხანგოშვილის მეუღლემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას და მის შვილებს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი სამი წლით მიენიჭათ.