პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდება
![პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდება](https://gdb.rferl.org/3EA72C6E-3017-4594-9666-DA2D00DF2E53_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
„პუშკინის სკვერში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან იკრიბებიან, ასევე, „ევროპული საქართველოსა“ და მოძრაობა „ლელოს“ მხარდამჭერები. ისინიც მსვლელობით შეუერთდებიან საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ.
დღეს, 17 ნოემბერს, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.
დღესვე, 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის თანახმად, დღეიდან „პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება“.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.