ილია მეორე: „ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს“
![ილია მეორე: „ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს“](https://gdb.rferl.org/9642C9C5-B9C7-4584-B18B-ADD04A2D5D84_w800_h450.jpg)
„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა, „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის“, - ამ სიტყვებით მიმართა 17 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
პატრიარქმა ისაუბრა ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის საჭიროებაზე:
„ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უშველეთ, ნუ დაუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. პავლე მოციქული ამბობს: „ერთმენთის სიმძიმე იტვირთეთ“. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. დალოცვილი იყავით. მშვიდობა, სიხარული და გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქის სიტყვებით, შვილები სახარების მიხედვით უნდა აღვზარდოთ, ვასწავლოთ მათ მოწყალება, რათა ღვთის წყალობა მოიპოვონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, 15 წელი სრულდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან, ამიტომ მომავალ შაბათს წირვა-ლოცვა სწორედ ამ ტაძარში შესრულდება.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.