მამუკა ხაზარაძე: ელჩებო, ჩაერიეთ, კანონი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში!
![მამუკა ხაზარაძე: ელჩებო, ჩაერიეთ, კანონი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში!](https://gdb.rferl.org/F5177A9A-D5E8-455C-A764-A31CA602C888_w800_h450.jpg)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თავისი გამოსვლა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ამბით დაიწყო და მოუწოდა ოსებს, საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.
„მე მინდა მივმართო ჩვენს ოს ძმებს. ძმებო! ასე არ გამოვა, ეს არ არის სწორი, ეს არ ჯდება არც ერთ ტრადიციაში: ექიმი გადმოდის ავადმყოფის საშველად და თქვენ მას აპატიმრებთ. ყველას მოვუწოდებ, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს, და ჩვენს უნიათო მთავრობას, გააკეთეთ ყველაფერი მის გასათავისუფლებალდ! სანამ ერთი ადამიანისთვის ბრძოლას არ ვისწავლით, სულ გაუგებრობაში ვიქნებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, დღეს ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს წართმეული და სწორედ ამას აპროტესტებს პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი.
„ჩვენ, „ლელოელები“, დავდგებით იქ, სადაც თავისუფლებას შეაფერხებენ. არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიწევთ. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ნაბიჯი შევათანხმოთ ერთმანეთთან. სიურპრიზები არ იყოს. და ჩვენი პროტესტი იყოს კანონის ფარგლებში. დიპლომატებო, ელჩებო, ჩაერიეთ, რომ დაბრუნდეს კანონი პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხალხრავალი საპროტესტო აქცია რუსთაველზე 15.00 საათზე დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.