აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია ტრამპის იმპიჩმენტზე გამოძიების შემდეგი ნაბიჯების თაობაზე
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა ზომა, რომელიც შემდეგი ნაბიჯებისთვის ამზადებს ნიადაგს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.
31 ოქტომბერს გამართული კენჭისყრა პირველი ოფიციალური ტესტია იმ გამოძიების მიმართ მხარდაჭერისა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ წამოიწყო 24 სექტემბერს.
იმპიჩმენტის მოკვლევის ყურადღების ცენტრშია ტრამპის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართა. გამოძიება მიმდინარეობს იმაზე, ცდილობდა თუ არა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას, რომ ამ უკანასკნელს გამოეძიებინა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, დემოკრატ ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში. ტრამპი უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
დღეს მიღებულ რეზოლუციას მხოლოდ ორმა დემოკრატმა არ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ასევე ყველა რესპუბლიკელი. საბოლოო ჯამში იგი გავიდა 232 ხმით 196-ის წინააღმდეგ.
სხვა საკითხებთან ერთად რეზოლუციაში გაწერილია, რა უფლებები ექნებათ პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატებს.