მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, პეტრე ცაავას „ისტერიკა“ მოჰყვა მღვდელმთავრობიდან გადაყენებას
ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, პეტრე ცაავას „ისტერიკა“ მოჰყვა მღვდელმთავრობიდან მის გადაყენებას.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანემ მედიას უთხრა, რომ როცა სინოდმა მხარი დაუჭირა განჩინებას ჭყონდიდის მიტროპლიტ პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შესახებ და მან „დაინახა, რომ ცუდად აქვს საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი“.
მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, პეტრეს წინ მღვდელმთავრები ჩაუდგნენ. მედიის შეკითხვას, რა უწოდა პეტრემ პატრიარქს, მიტროპოლიტმა უპასუხა: „თვითონ კითხეთ, რას ეძახდა. მე მაგ სიტყვას ვერ გავიმეორებ“.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განუმარტა თუ არა პატრიარქმა პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების მიზეზი. „რა უნდა განმარტოს პატრიარქმა, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებენ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
სინოდის სხდომამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდების მქონე პეტრე ცაავამ, სხდომა დასრულებამდე დატოვა და მედიას აცნობა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“.
ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, პეტრე ცაავამ უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".