აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანელებს არწმუნებს, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა ერთჯერადი ნაბიჯი იყო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ავღანეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ავღანეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გამოჩენილი ძალისხმევა უცვლელია. ამით შეეცადა, გაექარწყლებინა მათი შიში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, როგორც ეს სირიაში გააკეთა.
ესპერმა 21 ოქტომბერს, ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინაში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ს კვლავაც ემუქრება "მძიმე ტერორისტული საფრთხე", რომელიც ავღანეთში დაიწყო ალ-ყაიდით და გრძელდება თალიბანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ჯგუფების სახით. "ყველა ამ ფაქტორმა ჩვენი ავღანელი მოკავშირეები და სხვები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ არასწორად არ უნდა აღიქვან ბოლო კვირაში თუ პერიოდში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სირიასთან მიმართებით და ეს ავღანეთისგან უნდა განასხვაონ", - თქვა მან.
ესპერის ვიზიტი ქაბულში 20 ოქტომბერს დაემთხვა ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის და კონგრესის მაღალჩინოსნების მოულოდნელ ჩასვლას. ესპერმა და პელოსიმ შეხვედრა გამართეს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.
ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.