სუს-ის უფროსობის კანდიდატმა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე ილაპარაკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოში მოქმედებს ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები, საინფორმაციო ომი, რბილი ძალა, ეკონომიკური ექსპანსია და ფარული ოპერაციები.
16 ოქტომბერს, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს საქართველოს განვითარების შესაფერხებლად.
„მიმდინარე კონფლიქტები, ბორდერიზაციის მცოცავი პროცესი არ არის მხოლოდ ქართული მიწების დატაცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებისაკენ, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შანსის შემცირებისაკენ და ამას ძალიან ეფექტურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან მიმდინარე არეულობებით და ექსცესებით ცდილობს საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის სტატუსი, სადაც არა მარტო ეკონომიკური ინტერესები და ინვესტიციები, არამედ ადამიანის უფლებებიც კი შესაძლოა, იყოს დაუცველი. სწორედ ეს არის ამ ექსპანსიის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ფარული ოპერაციები, რომლებიც ძირითადად, მიმართულია ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევისა და ეთნიკურ, რელიგიურ, თუ სხვა ნიადაგზე სამოქალაქო შუღლის გაღვივებისაკენ.
გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, ფარული ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერსივრცე და ამ მიმართულებით საფრთხეები მომდინარეობს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც: „სულ უფრო დახვეწილი გახდა კიბერსაშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ფსიქოლოგიური გავლენის ღონისძიებების წარმოება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ფორმირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი რისკია სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელებაც, ამიტომ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაცვა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დილის 10 საათზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა.
სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.